Thursday, April 22, 2010

დაჭრილი მუხა

   ეს მუხა ტყის პირას დგას- ბებერი, ჯმუხი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს,აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ  ეწვევა ვინმე,-ადამიანი, ნადირი, თუ ფრინველი..

  ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს.დაანთეს ცეცხლი,გაშალეს სუფრა,დაიწყეს პურობა და სმა.  ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ:  არა მე გჯობივართ სროლაში,არა მეო.  ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი!-  მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა,- ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი- წაწოლილი.სიცილით გასროლილი ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა  აქეთ-იქით.

  მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო.  გამოხდა ხანი,- თვეები, წლები,და, აი, წლეულს, გაზაფხულზე,ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე,  უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილებთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ყვაოდა.

 მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა ყურებსიფრიფანა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა,მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.


                                                                                         რევაზ ინანიშვილი.




                                              მუხის ხეო ნამეხარო

                              მუხის ხეო, ნამეხარო,

                              რა საბრალო რამე ხარო,

                             ცალი მხარე დღეს მიგიგავს,

                             ცალ მხარეზე ღამე ხარო.

                            მაგრამ გული არ გაგიტყდეს,

                           შრიალა და მწვანე ხარო. 

                                                                       ნუნუ კერესელიძე   

                           

No comments:

Post a Comment