Friday, April 23, 2010

1.პროექტის სახელი : მუხა

2.პროექტის მოკლე აღწერა: გავეცნობით მუხის შესახებ მასალებს. მუხის მეცნიერული სახელწოდება ”კუერკუს” ლამაზ ხეს ნიშნავს. ასე უწოდეს ძველმა რომაელებმა, რომლებიც მუხას ღმერთს (იუპიტერს0 უძღვნიდნენ, ხოლო მის ნაყოფს ”იუგლანსს”_ ”იუპიტერის ნაყოფს”ეძახდნენ. 

ჩამოვაყალიბებთ:რა ვიცით მუხაზე? რა გვინდა ვიცოდეთ?

3. პროექტის სრული აღწერა: ვეცნობით საინტერესო მასალებს მუხის შესახებ: გამძლეობა(1000 წელი ცოცხლობს) , აღნაგობა, ყვავილობა, მერქნისა და ნაყოფის გამოყენებამუხა და მისი ბინადარნი. საინფირმაციო წყაროების გამოყენებით მოვიპოვეთ მასალები :

”მუხის გადარჩენილი სიცოცხლე”, ”დაჭრილი მუხა”” ჩემი დარგული მუხის ხე” , მოვიძიებთ სიმღერებს , ლექსებს მუხაზე(მასალები თან ახლავს) . მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა ,მოსწავლეები გაიგებენ არის თუ არა მუხა ქალაქის მახლობელ ტყეში. პროექტის დასრულებისას ჯგუფებში მუშაობით შეაჯამებენ მასალებს თემის გარშემო.

4.მონაწილეთა ასაკი 9 წელი

5. ვადები, ხანგრძლივობა (2 კვირა)

6. პროექტის შესაძლო აქტიობები:ინფორმაციის შეგროვება, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ნახატების გამოფენა.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, აზრთა გაზიარების, ჯგუფებში თანამშრომლობის, კვლევის მასალების მოძიების უნარ-ჩვევები. 

8.სამუშაო ენა; ქართული ენა

9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. განუვითარდებათ:

1). გარემიზე ზრუნვის, უსაფრთხოების დაცვის უნარი. მონაცემების შეგროვების, კვლევის, მარტივი ექსპერიმენტის , საინფორმაციო წყაროების გამოყენების, ობიექტის კვლევის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემათა გადაჭრის უნარები. ასევე შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თვითშეფასებისა და საკლასო სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.

10. პროექტის ავტორი: ასმათ დოხნაძე 


Thursday, April 22, 2010

მუხის გადარჩენილი სიხოცხლე

  გვიანი შემოდგომის ერთ  დღეს გიორგი წავიდა მშობლების მოსანახულებლად- სოფელში.

    თოვლი წამოვიდა. მანქანამ ვეღარ იარა და გაჩერდა -ტყის  პირას, მუხას შეაფარა თავი. სიცივემ ძალიან შეაწუხა და ჩასთვლიმა. გარდაცვლილი ბებია დაესიზმრა, რომელმაც თავისი ჭრელი შარფი გადააფარა. გაეღვიძა და მუხის ფოთლები ქონდა გადაფარებული. მუხას ფოთლები  გასცვივდა და გადააფარა. ასე იხსნა მუხამ გიორგი სიკვდილისგან.


დაჭრილი მუხა

   ეს მუხა ტყის პირას დგას- ბებერი, ჯმუხი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს,აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ  ეწვევა ვინმე,-ადამიანი, ნადირი, თუ ფრინველი..

  ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს.დაანთეს ცეცხლი,გაშალეს სუფრა,დაიწყეს პურობა და სმა.  ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ:  არა მე გჯობივართ სროლაში,არა მეო.  ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: - აი, ბურთი და აი, მოედანი!-  მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა,- ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი- წაწოლილი.სიცილით გასროლილი ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა  აქეთ-იქით.

  მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო.  გამოხდა ხანი,- თვეები, წლები,და, აი, წლეულს, გაზაფხულზე,ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე,  უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილებთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ყვაოდა.

 მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა ყურებსიფრიფანა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა,მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.


                                                                                         რევაზ ინანიშვილი.




                                              მუხის ხეო ნამეხარო

                              მუხის ხეო, ნამეხარო,

                              რა საბრალო რამე ხარო,

                             ცალი მხარე დღეს მიგიგავს,

                             ცალ მხარეზე ღამე ხარო.

                            მაგრამ გული არ გაგიტყდეს,

                           შრიალა და მწვანე ხარო. 

                                                                       ნუნუ კერესელიძე   

                           

Wednesday, April 21, 2010

მუხა და მისი ბინადარნი

თუ ტყეში მუხასთან ახლოს მოხვდით, ფრთხილად იყავით, არ დააფრღხოთ ტყის ბინადარნი მუხას ესტუმრებიან ფრინველები: გუგული, ბუ, ქორი, ჩხიკვი, ცხოველები: ციყვი ,ირემი, გაერული ღორი, დათვი, მუხასთან ბინადრობენ ასევე,  ტყის თაგვები,მუხის ხარაბუზა, ხოჭოს მატლი და სხვა. თუ ადამიანები მუხას მოჭრიან ტყის ბინადარნი ცუდ დღეში ჩავარდებიან

ქართული მუხა


მუხა (Quercus), მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ზაფხულმწვანე ხეებია. 450–ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი — სამხრეთ ამერიკაში. კავკასიაში — 18–მდე სახეობაა, საქართველოში გავრცელებული 7 სახეობა გაერთიანებულია გრძელყუნწიანი (ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა) და მოკლეყუნწიანი ან მჯდომარენაყოფებიანი (პონტოური მუხა, ქართული მუხა, მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა, ჭოროხის მუხა)მუხების ჯგუფში.

საქართველოში გავრცელებულ მუხებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას. იგო მთელ ტყიან საქართველოში გვხვდება. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რაჭასა და სვანეთში გვხვდება. იგი 20–28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო–მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700–2400 მეტრ სიმაღლეზე და სამხრეთით მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. იმერული მუხის ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. პონტოური მუხა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. სხვებისაგან განსხვავებით, დიდი და მთლიანი ფოთლები აქვს. ჭოროხის მუხა (Quercus dschorochensis) პატარა ხე ან ბუჩქია. სწორი ან ტანბრეცილი ღერო აქვს, იზრდება აჭარაში ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, ქვიან და ღორღიან კალთზე უხრავთან, რცხილასთან და ფიჭვთან ერთად. დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გავრცელებულია ჰართვისის მუხა. ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora, Quercus longipes) 30 მეტრამდე სიმაღლის უხვად დატოტვილი ხეა. ბურთისებრი ვარჯი და ღრმად დანაკვთული ფოთლები აქვს. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობიდან 1100 მეტრ სიმაღლემდე. მდინარე მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნისა და მათი შენაკადების ჭალებში, მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, ხევებზე და ტაფობებში ქმნის ტყეებს. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80–100 წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში, შემდეგ კი სისქეში, ღრმა ფესვთა სისტემა აქვს და ქარგამძლეა. ცოცხლობს 800 წელზე მეტს (თუმცა ასეთი ხანდაზმული მუხა ჩვენში უკვე იშვიათია). სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეცაა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. ზოგჯერ გადაწვენით. მუხის მერქანი მაგარი და გამძლეა, მაღალი ღირსების. იყენებენ მშენებლობაში, სავეჯე და სადურგლო წარმოებაში. ქერქი და მერქანი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ზოგიერთი სახეობის (კორპის მუხა) ქერქი იძლევა კორპს. რკოსაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუხის ბევრი სახეობა (მაგ: წაბლფოთოლა მუხა — Quercus castaneifolia) დეკორატიულია, რგავენ ბაღებსა და პარკებში ხეივნებად, ზოგ სახეობას — ქვიანი ფერდობების გასამწვანებლად.


მუხა

   მისი მეცნიერული სახელწოდება ”კუერკუს”ლამაზ ხეს ნიშნავს.ასე უწოდეს მას ძველად რომაელებმა, რომლებიც მუხას ღმერთს( იუპიტერს)უძღვნიდნენ,ხოლო მის ნაყოფს”იუგლანსს”-იუპიტერის ნაყოფს ეძახდნენ.

 ბერძნებიც დიდ პატივს სცემდნენ მუხას, რადგან სჯეროდათ: მუხის ტოტების ხმაური და ფოთლების შრიალი ადამიანს საკუთარ ბედისწერას აუწყებდა.

რომაელები და ბერძნები მუხის ტოტით ამკობდნენ ყველაზე გაბედულ, ძლიერ ადამიანებს.

მუხა ძველთაგანვე ქართველი ხალხის საყვარელი ხე იყო- ძლიერების სიმტკიცისა და გამძლეობის სიმბოლო.

მუხა ტყის მშვენებაა.იგი საქართველოში ყველგან გვხვდება-მთაშიც და ბარშიც.ჩვენში მუხის რვა სახეობაა გავრცელებული. მათგან იმერული მუხა ქუთაისის  მახლობლად კოლხურ მუხასთან ერთად ლამაზ მუხნარებს ქმნის(რიონის ტყე)იგი საქართველოს გარდა არსად გვხვდება.

მუხა ტყეში ტანაყრილია განცალკევებით მდგარი- ტოტებგაშლილი. მუხას მეხი ხშირად ეცემა,ეს ყველამ უნდა იცოდეს,ვინც ტყეში სოკოზე” სანადიროდ” დადის:მან ჭექა-ქუხილის დროს თავი არ უნდა შეაფაროს მუხას.

მუხა გვალვაგამძლე ხეა.მისი ფესვები ნიადაგში 5 მეტრამდე ჩადის.მას სიდამპლის არ ეშინია და დიდხანს ძლებს,იშვიადი როდია 500 და 1000-წლიანი მუხები.

მუხა გაზაფხულზე გვიან იფოთლება.თითქოს არ ჩქარობს.მისი ნორჩი ფოთლები და ყლორტები მგრძნობიარეა სიცივის მიმართ. შემოდგომით მის ფოთლებზე შეიძლება შენიშნოთ  პატარა ალუბლის ოდენა მოყვითალო მეჭეჭები, რომელსაც გალებს უწოდებენ.მას მწერები-მეგალეები წარმოქმნიან.

მუხა მაშინ ყვავილობს, როცა ფოთლები ისისაა ჩნდება.ზოგს გაუკვირდება;განა მუხას აქვს ყვავილები?დიახ, აქვს,მუხის ყვავილი წვრილია, უჩინო და,როცა აყვავებულ მუხის ტოტს უცქერი, ყვავილს ვერც კი ამჩნევ,ფერით თითქმის არ გასხვავდება ფოთლებისაგან.

  ისტორია გვაუწყებს, რომ 500წლის წინათადამიანი რკოს ფქვილისგან პურს აცხობდა.მას ახლაც იყენებენ კვების მრეწველობაში, როგორც ყავის სუროგატს. ხიდან ჩამოცვენილი რკო ტყეში ფითლების ტენიანი ფენის ქვეშაა მოქცეული,  შემდეგ თოვლის საფარქვეშ.როცა თოვლი გადნება, გაღვივებას იწყებს.

რკო ადამიანისათვის საშიშ ნივთიერებას კუერციტინს შეიცავს ,რომელიც ცხოველთათვის სრულიად უვნებელია. მოხალვით კუერციტინი იშლება და მოხალული რკოსაგან ”რკოს ყავას”ამზადებენ.

 მუხის მერქნისაგან ჩინებული ავეჯი და პარკეტი მზადდება. დასავლეთ საქართველოში  მუხისაგან აშენებდნენ ოდა-სახლებს , აღმოსავლეთ საქართველოში- დარბაზებს. მუხის ქერქი ძველი სამკურნალო საშუალებაა. დიდებულია მუხნარი ტყე . ფიტონციტები, რომლებსაც მუხის ფოთლები გამოყოფენ, სპობენ მიკრობებს.ამის გამო მუხნარში ჰაერი ყოველთვის სუფთაა.

 მუხასთან დაკავშირებულია ბევრი სოფლის სახელი  : მუხრანი, მუხიანი, მუხათწყარო, ჭყონდიდი(ჭყონი მეგრულად მუხას ნიშნავს), ჭყონგურა.

 მეცნიერი ნ.კეცხოველი წერდა: მუხა ძველთაგანვე ქართველების საყვარელი ხე იყო, იგი ხალხის ძლიერების სიმბოლო არის მიჩნეული 

                          ”მუმლი მუხასა გარს ეხვეოდა

                           მუმლი დაიხრჩო მუხა გადარჩა”